English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მარინა ტაბატაძე მალხაზ ჩიქობავა
ეკონომიკის რეაბილიტაციის სახელმწიფო სტრატეგია პოსტკრიზისულ პერიოდში

სტატიაში განხილულია თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მმართველობის სტანდარტები და მისი სტაბილური განვითარების სტრატეგიები, შეფასებულია კრიზისულ გარემოში გლობალური ეკონომიკის სწორი კოორდინაციისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ცალკეულ დონეებს შორის ფუნქციების ოპტიმალური განაწილების საკითხები.

მიმდინარე ეტაპისათვის ეკონომიკური რყევების ტრანსნაციონალური   ხასიათი და ეკონომიკური კრიზისების ფორმირებაში არაეკონომიკური ფაქტორების როლის ზრდაა  დამახასიათებელი, რის გამოც განსაკუთრებით გართულებულია განვითარების პროცესის  პროგნოზირება  და სწორი სტრატეგიის განსაზღვრა. ასეთ ვითარებაში კრიზისის მართვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი გლობალური ინფორმაციის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფა და მმართველობითი სტრუქტურების სახელმწიფოთაშორისი კოორდინაცია გახდა, ამასთან, აქტუალურია  ეკონომიკის რაციონალური მართვისა და სტრუქტურული გარდაქმნების საკითხები.

სახელმწიფოს მარეგულირებელ ფუნქციებში გამოიკვეთა  დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების, კაპიტალის მობილობის უზრუნველყოფის და გაცვლითი კურსის სტაბილურობის პრობლემები. მიმდინარე პროცესებმა ხაზი გაუსვა გლობალური ეკონომიკის სწორი კოორდინაციისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების  დონეებს შორის  ფუნქციების ოპტიმალური განაწილების  მნიშვნელობას, მან ნათლად აჩვენა მთავრობების როლი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

სტატიაში მოცემილი ემპირიული კვლევა აფასებს კრიზისების მართვის გლობალურ ტენდენციებს, იგი  სწავლობს საქართველოს გამოცდილებას კრიზისის მართვის და პოსტკრიზისული რეაბილიტაციის და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის პროცესებში. ნაშრომში გაანალიზებულია გლობალური ანტიკრიზისული მექანიზმები და ეროვნული  რეფორმები, გამოკვლეულია მათი შესაბამისობა გლობალურ და ევროპულ სტანდარტებთან. სტატიაში  მოცემულია პოსტკრიზისული პერიოდის პროგნოზები და განსაზღვრულია ოპტიმალური განვითარების  სტრატეგიები არასტანდარტულ გარემოში, შემუშავებულია რეკომენდაციები მეცნიერ-მკვლევარებისა და საჯარო მოხელეთათვის ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების და პოსტკრიზისული რეაბილიტაციის საკითხებზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ გამოიყენა შესაძლებლობა, გამხდარიყო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისთვის, წარმატებით ეთამაშა რეგიონული ლიდერის როლი და განეხორციელებინა ეკონომიკის ლიბერალური ადმინისტრირება, რაც ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სატრანსპორტო დერეფნიდან რეგიონის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა  ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს, რაც დეტალურად არის გამოკვლეული წარმოდგენილ სტატიაში. 

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო მართვა, კრიზისის სახელმწიფო რეგულირება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაცია, პოსტკრიზისული სტრატეგია.